Monday, April 23, 2018

“ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკითხში რელიგიის როლი“ თემაზე თბილისში კონფერენცია გაიმართა

გამოქვეყნებულია სიახლები ივლისი 11 2017 font size decrease font size increase font size

დღეს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, კავშირი XXI-საუკუნის, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ერთობლივი ორგანიზებით სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ კონფერენცია გაიმართა.

 

კონფერენცია, რომელზეც საქართველოს მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, რელიგიური და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ პროფესორმა თეა გოგოტიშვილმა გახსნა და საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის და ადრეული ქორწინებების ფაქტებზე და შედეგებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ აღნიშნული პრობლემები საქართველოში დღესაც აქტუალურია, რის შედეგადაც გოგონები საზოგადოების სრულფასოვანი წევრები ვერ ხდებიან და სრულ განათლებას ვერ იღებენ. ამ სფეროში საქართველოს მთავრობა და რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია აქტიურად მუშაობენ, ატარებენ საგანმანათლებლო ღონისძიებებს და სპეციალურ ტრენინგებს.

შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი, შსს-ს, იუსტიციის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ქალბატონი ლელა ბაქრაძე, რომლებმაც აღნიშნულ პრობლემების მოგვარების და გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. სიტყვით გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, სახელმწიფოს, საზოგადოების და რელიგიური ლიდერების ერთობლივი მოქმედება აუცილებელია, რადგან უკეთესი შედეგი მივიღოთ. აგრეთვე აღინიშნა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის, ადრეულ ასაკში ქორწინების, გოგონების მოტაცების და წინდაცვეთის მავნე ტრადიციის დასაძლევად და აღმოსაფხვრელად უდიდესი პასუხისმგებლობა და როლი სასულიერო პირებს ეკისრებათ.

შეიხმა ჰაჯი რამინ იგიდოვმა სიტყვით გამოსვლისას ისლამის რელიგიაში ქალის როლზე და ადრეულ ქორწინების შესახებ ხედვაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ისლამში კონკრეტული ქორწინების ასაკი არ არის მითითებული, მაგრამ არის ოთხი ძირითადი პირობა და კრიტერიუმი, რომელსაც წყვილი უნდა აკმაყოფილებდეს, მაგალითად წყვილი ფსიქოლოგიურად მზად უნდა იყოს ქორწინებისათვის, მათ უნდა ჰქონდეთ ფინანსური შესაძლებლობები ოჯახის სარჩენად, ფიზიოლოგიურად, ფიზიკურად და სოციალურად მზად უნდა იყვნენ ოჯახის შესაქმნელად. მაგრამ აღნიშნული კრიტერიუმების დაკმაყოფილება სხვადასხვა რეგიონში და ქვეყნებში ბუნებრივი კლიმატის მიხედვით სხვადასხვა ასაკში შეიძლება მოგვევლინოს. აგრეთვე შეიხმა აღნიშნა, რომ ისლამის მიხედვით ქორწინების მთავარი მიზანი არის, რომ წყვილი იყოს ბედნიერი, შექმნან ჯანსაღი ოჯახი და საზოგადოებას ჯანსაღი შვილები შესძინონ და აღუზარდონ. აღნიშნულ კრიტერიუმებს თუ აკმაყოფილებს წყვილი, მაშინ ისლამის მიხედვით ქორწინება დასაშვები და მოსაწონარი ქმედებაა. სამწუხაროდ აღსანიშავია, ის ფაქტი, რომ საქართველოში წყვილები როცა უღლდებიან მათი უმრავლესობა ფიზიოლოგიურად და ბიოლოგიურად მომწიფებული არიან, მაგრამ ისინი ფსიქოლოგიურად და სოციალურად მზად არ არიან. რაც შემდგომში ოჯახებში უთანხმოების მიზეზი ხდება და ხშირ შემთხვევაში ძალადობამდეც მიდის მათი ურთიერთობა, რაც საბოლოოდ სავალალო შედეგით, განქორწინებებით  მთავრდება მათი კავშირი.

მუფთმა ჰაჯი იასინ ალიევმა კი აღნიშნა, რომ ახალგაზრდებმა, მოზარდობის პერიოდში ოჯახის შექმნის ნაცვლად სწავლა-განათლებაზე, რომ იფიქრონ უკეთესი იქნება, რის შთაგონების ვალდებულებაც პირველ რიგში მშობლებს და საზოგადოებას ეკისრებათ. მუფთმა აგრეთვე „ჰადისების“ მეშვეობით გადმოცემულ ბრძანებების შესახებაც ისაუბრა, სადაც აღნიშნულია, რომ უზენაესმა ღმერთმა ჩვენ მამაკაცებს ქალები ამანათად მოგვანდო და ჩვენ ვალდებულები ვართ დავიცვათ მათი უფლებები და პატივი ვცეთ მეუღლეებს როგორც თანაბარ პარტნიორს.

კონფერენციის დასასრულს მოდერატორმა შეაჯამა კონფერენცია და დებატების ფორმატში დასრულდა ღონისძიება.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს განცხადება

მიღებული კონფერენციაზე

რელიგიის როლი ქალისა და გოგონას მიმართ ძალადობის აღმოფხვრაში

ოჯახი, როგორც ისტორიულად, ისე თანამედროვე ეტაპზე, საზოგადოების და სახელწიფოს ძირითად დასაყრდენს და საფუძველს წარმოადგენს.  იგი არის თანასწორუფლებიანობაზე დამყარებული ნებაყოფლობითი კავშირი, სადაც უნდა სუფევდეს ურთიერთპატივისცემის, სიყვარულის, ურთიერთზრუნვის  გარემო. ადამინის სრულყოფილი განვითარების, მისი სრულფასოვანი ცხოვრებისა და საქმიანობისათვის მნიშვნელოვანია ხელშემწყობი ოჯახური გარემოს არსებობა.

მაგრამ სრულყოფილი ოჯახის შექმნისათის აუცილებელია როგორც ფიზიკური, ასევე მორალური და ფსიქოლოგიური მომწიფება. ოჯახის შექმნა დიდი ვალდებულება და მნიშნელოვანი ტვირთია, იგი მეუღლეებისაგან მოითხოვს ერთგულებას, თავდადებას გაჭირვებასა და ლხინში და გამკლავებას იმ გამოწვევებისა, რასაც ცხოვრება უმზადებს მათ.

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ 2017 წლის 1 იანვრიდან დააწესა 18 წელი ქორწინების რეგისტრაციის მინიმალურ ასაკად, გამონაკლისების გარეშე.

ამ გადმოსახედიდიან ჩვენთვის მიუღებელია 18 წლამდე ასაკში ნაადრევი  ქორწინების საზიანო პრაქტიკის ხელშეწყობა, და რიგ შემთხვევებში,  იძულება, რაც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.  ეს საზიანო პრაქტიკა უმეტეს  შემთხევაში მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგების მომტანია მოზარდების, განსაკუთრებით გოგონების, განათლების, ჯანმრთელობისა და განვითარებისათვის. მიგვაჩნია, რომ ოჯახის შექმნის ბედნიერება განუყოფლად არის დაკავშირებული დიდ პასუხისმგებლობასთან,  და ამისათვის უმეტეს შემთხევაში ნაადრევი ქორწნებისას  მოზარდები მზად არ არიან.

 

ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია გოგონათა გენეტალიების დამახინჯების სავალალო ფაქტები. ეს საზიანო პრაქტიკა სისხლის სამართლის დანაშაულად იქნა აღიარებული სახელმწიფოს მიერ 2017 წელს. არავითარი გამართლება არ აქვს ასეთი ქმედების რაიმე ტრადიციით ან ჩვეულებით გამყარებას. რაც შეეხება ისლამურ რელიგიას - მისთვის ასეთი პრაქტიკა უცხო და მიუღებელია. 

 

 

Read 286 times Last modified on Last modified on ოქტომბერი 31 2017