Sunday, November 18, 2018

არა მარიხუანას და მის ლეგალიზაციას!

გამოქვეყნებულია განცხადებები აგვისტო 02 2018 font size decrease font size increase font size

მარიხუანის მოხმარების წინააღმდეგ არსებული ყველა სანქციის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაუქმება, ჩვენი და ქვეყნის მოსახლეობის შეშფოთების მიზეზი გახდა.

მოსარჩელეები აცხადებდნენ, რომ მარიხუანას მოხმარება წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ სფეროს. მათივე მტკიცებით, მარიხუანას მოხმარებით შესაძლოა, ზიანი მიადგეს მხოლოდ მისი მომხმარებლის ჯანმრთელობას, რომელიც თავადვე იქნება პასუხისმგებელი დამდგარ შედეგზე. მოსარჩელეთა თქმით, დასახელებული ქმედება არ უქმნის რეალურ საფრთხეს სხვა რომელიმე ღირებულ საჯარო ინტერესს. მათივე განმარტებით, მარიხუანას მომხმარებლის დასჯა მხოლოდ მორალისტური და პატერნალისტური არგუმენტებით წინააღმდეგობაში მოდის პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან და შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ რამოდენიმე პირის პირადი ინიციატივა არ უნდა იქცეს რაიმე საკანონმდებლო აქტად, რომელიც შემდგომში აღნიშნულს ლეგალურს გახდის მთელს ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ამ ფაქტით შეწუხებული და წინააღმდეგია. რადგან მარიხუანის ლეგალიზაციის ფაქტი ნარკო მომხმარებლების მასობრივ გამრავლებას გამოიწვევს,  შემდგომში კიდე მარიხუანის და სხვა მძიმე ნარკოტიკული საშუალებების  თავისუფლად გაყიდვის პრეცედენტს შექმნის.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მარიხუანის მოხმარება ნარკომანიისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. მის მოხმარების შემდეგ მას მოყვება უფრო მძიმე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება.

მარიხუანის ისედაც არანაკლები მომხმარებელი გვყავს და მისი ლეგალიზაცია ხელს შეუწყობს მათი რაოდენობის გაზრდას. მისი სისტემატური მოხმარება ადამიანის ჯანმრთელობისათვის ძალზედ მავნებელია.

 რათქმაუნდა მისი მომხმარებლები საზოგადოებაში ისედაც უარყოფით ზემოქმედებას ახდენენ.  მაგალითად სხვების შეწუხება, საზოგადოებრივი სიმშვიდის დარღვევა, ახალგაზრდებზე ცუდი და დამღუპველი მაგალითის მიცემა, რაც შემდგომში  მათ სწავლას, მეცნიერების დაუფლებას, აზროვნებას და სოციალურ განვითარებას დააშორებს.

აქედან გამომდინარე სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო და საქართველოს მუსლიმები მარიხუანის ლეგალიზებასთან დაკავშირებით მიღებულ  გადაწყვეტილებას უარყოფითად და დიდ შეცდომად ვაფასებთ. ქვეყნის უმრავლესი მოსახლეობის შეხედულებაზე დაყრდნობით მოვითხოვთ ეს საკითხი თავიდან იქნას განხილული და მარიხუანის ლეგალიზაცია არ იქნეს დაშვებული.

უზენაესმა ღმერთმა მთელი სამყარო,  ჩვენი სამშობლო საქართველო და ყველა მოქალაქე დალოცოს და დაიფაროს. დაე უფალმა საქართველოს მშვიდობიანი ცხოვრება მისცეს, დაკარგული ტერიტორიების აღდგენაში დაგვეხმაროს, ეკონომიურად და ყველა სფეროში გაძლიერებაში დაგვეხმაროს. ამინ!

სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო

Read 357 times Last modified on Last modified on აგვისტო 02 2018