Sunday, November 18, 2018

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მილოცვა

გამოქვეყნებულია განცხადებები მაისი 26 2016 font size decrease font size increase font size

ღვთის სალამი და წყალობა ყოფილიყოს ყველასა ზედა! ყველას გილოცავთ საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს!

ერთი ათად გახარებული ვარ ჩვენი ხალხის - ქართველი ერის უდიდესი და გამორჩეული დღესასწაულით - დღევანდელი დღის სრულფასოვანი და საზეიმო განწყობით. ვუმადლი დიად ღმერთს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ეროვნულ თვითმყოფადობას! სამშობლოს სიყვარულის ენით აღწერა შეუძლებელია და ამ სიყვარულის გამოვლინებაა დღვანდელი დღე. ვისაც თავისი სამშობლო არ უყვარს ის სრულყოფილი ადამიანი არაა, რადგან იგი უმადურია ღვთისგან ბოძებულის წინაშე. ჭეშმარიტი ქართველი სწორედ დღეს გადაავლებს თვალს თავის ნაღვაწს სამშობლოსათვის და დღეს უფრო მეტად დაფიქრდება, თუ როგორ უყვარს თავისი სამშობლო. დღეს თითოეული ჩვენგანი კარგად დავინახავთ, რომ თითოეული ქართველის სამშობლო საკუთარი სახლის კარის ზღურბლიდან იწყება და დედაქალში გავლით ქართლში, იმერეთში, კახეთში, გურიაში, სამეგრელოში, აჭარაში, სვანეთში, მესხეთ-ჯავახეთში, ფშავ-ხევსურეთში, რაჭა-ლეჩხუმსა თუ სხვაგან - სადმე, ბოლო სოფელში უკანასკნელი ქოხიც რომ დგას, იმით მთავრდება. სამშობლო უფრო მეტად გვიყვარს, ვიდრე საკუთარი თავი; სამშობლოს სიყვარული ჩვენს სინდის-ნამუსად მიგვაჩნია; ყველა, ვინც შეეცადა სამშობლოსათვის რამენაირი ზიანის მიყენებას, მტრად შევრაცხეთ; სამშობლო ბადებს სიყვარულის გრძნობას, რომელიც აუცილებელია ერის არსებობისათვის, გაძლიერებისათვის, გამთლიანებისა და მშვიდობის განმტკიცებისათვის. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ზღვარი აუცილებელი ფაქტორია. სამშობლო ზომიერად უნდა გვიყვარდეს და ჩვენი უზომო სიყვარულით სხვათა სულიერ სამყაროს ჩრდილი არ უნდა მივაყენოთ, მტკიცედ უნდა გვახსოვდეს, რომ სამშობლოს სიყვარული რწმენიდან გამომდინარეობს და მას თვალისჩინივით გაფრთხილება უნდა. ვინაიდან სამშობლო საზოგადო სიყვარულის ობიექტია, ერთეული ადამიანების დაუფიქრებელმა ქმედებებმა ქვეყანას ზიანი არ უნდა მიაყენოს. სამშობლოს სიყვარულის ძირითად პრინციპად აწ და მარადის ადამიანის სიყვარული და პატივისცემა უნდა დავიდგინოთ. მამულის სიყვარულით ვეწაფებით მშობლიურ ენას და ვეზიარებით სულიერ საგანძურს, რაც ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი ჯილდოა. მაშ, გადავეხვიოთ ყველამ ერთმანეთს, დავდგეთ ყველა ერთად ჩვენი დამოუკიდებლობის სადარაჯოზე, შევთხოვოთ დიდ ღმერთს ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავალი, წინსვლა და აყვავება! დიადი ღმერთი იყოს ჩვენი შემწე და მფარველი!

 

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამართველო

Read 1070 times Last modified on Last modified on მაისი 26 2016